logo
ENG



სასამართლო სააკაშვილის კადრებზე: ემსახურებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის მიზანს

12 იან 202215:41
3 წუთის საკითხავი
 
2022/01/12/y0jmhdd823y5sfj.png

თბილისის საქალაქო სასამართლოს მტკიცებით, იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის კვების რაციონისა და აუდიო-ვიდეო ჩანაწერების გასაჯაროების შესახებ სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ლეგიტიმურ მიზანს ემსახურებოდა. 

როგორც სასამართლოს განცხადებაშია ნათქვამი, მათ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების დარღვევა არ დაადგინეს. ამასთან, სასამართლოში აცხადებენ, რომ ინსპექტორი ცდილობდა "დაუსაბუთებელი ბრალდებებით" საზოგადოება შეცდომაში შეეყვანა. 

"სამწუხაროა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მიზანმიმართულად არასწორი ინფორმაციის გავრცელებით ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი ბრალდებებით, კერძოდ: მსგავსი კატეგორიის საქმეებზე, სხვა საქმეებისაგან განსხვავებით, კანონმდებლობით შემჭიდროებული ვადაა განსაზღვრული - ერთი თვე; საჩივარი სასამართლოში წარმოდგენილ იქნა 2021 წლის 17 დეკემბერს, ხოლო საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიღებულია 2022 წლის 11 იანვარს; ამდენად, საქმე განხილულ იქნა კანონმდებლობით დადგენილი ვადის ფარგლებში.

ვინაიდან სამართალდარღვევის ოქმები შედგენილი იყო ორი სხვადასხვა დაწესებულების მიმართ, რამდენიმე, ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი სამართალდარღვევის ჩადენის ბრალდებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეთა გაერთიანება შეაფერხებდა სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლო მოუწოდებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს და ყველა დაინტერესებულ მხარეს - გაავრცელონ რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული და მოქმედი კანონმდებლობის სწორი განმარტების შესაბამისი ინფორმაცია/მოსაზრებები“, - ნათქვამია განცხადებაში.

2021 წლის 7 დეკემბერს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილის ვიდეოების გავრცელების შესწავლა დაასრულა და მათ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისრა, რაც, ჯამში, 2 500-ლარიან ჯარიმას გულისხმობს. 

ინსპექტორის აპარატმა პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ვიდეოები, სადაც ჩანს, რომ სააკაშვილი საკვებ დანამატს იღებს, ყოფილი პრეზიდენტის ღირსების შელახვად მიიჩნია.

ასევე, კანონდარღვევად მიიჩნია რეანომობილში განვითარებული მოვლენებისა და N18 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის კადრების გავრცელება და იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციურ სამსახურს facebook-სა და ოფიციალურ ვებგვერდებზე ყველა ზემოთ აღნიშნული ვიდეოს წაშლა დაავალა.

გუშინ, ინსპექტორის სამსახურმა განაცხადა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ გააუქმა მათი გადაწყვეტილება, რომლითაც იუსტიციის სამინისტრო მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროების გამო დაჯარიმდა.

ინსპექტორის სამსახურმა საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და სპეციალური პენიტენციური სამსახური 3 დეკემბრის გადაწყვეტილებით სამართალდამრღვევად ცნო საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების არაკანონიერი გასაჯაროებისთვის.

 

 
 
 

close დახურვა